წერილები

ნიკოლოზ ბარათაშვილის (1817-1845) პირადი წერილები ქართული კულტურის მნიშვნელოვანი შენაძენი და ეპისტოლური მემკვიდრეობის „ოქროს ფონდის“ კუთვნილებაა. მიუხედავად მცირე მოცულობისა, შემორჩენილია პოეტის სულ 18 ბარათი, ისინი მრავალმხრივ საყურადღებოა. მათი მნიშვნელობა შეიძლება განისაზღვროს უწინარესად თავად ავტორის ცხოვრებისა და შემოქმედების, მისი პოლიტიკური მრწამსის, მსოფლმხედველობის, მსოფლაღქმისა და მსოფლგანცდის, ზოგადად პოეტის სულიერი ბიოგრაფიის შესწავლის თვალსაზრისით. „ამ წერილებზე უკეთეს ავტობიოგრაფიას ბარათაშვილი ვერ დაწერდაო“ სამართლიანად წერდა ვახტანგ კოტეტიშვილი თავის წიგნში „XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია“. პოეტის კერძო წერილებმა მართლაც ფასდაუდებელი მასალა მისცა მის ბიოგრაფოსებს, მკვლევრებს, რედაქტორ-გამომცემლებს.
ამავდროულად ნ. ბარათაშვილის პირადი ბარათები შეიძლება ჩაითვალოს მისი ეპოქის სანდო დოკუმენტებად და საუკეთესო წყაროებად მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული ყოფისა და პოეტის გარემოცვისა და საახლობლო წრის შესასწავლად და დასახასიათებლად.



. ორბელიანისადმი
საყვარელო ძმაო გრიგოლ, შენი წიგნი მომიტანა დიმიტრი ჯორჯაძემ.1 დიდად მაამა ამ წიგნმა, მეტადრე ქართველების ქებამ.- მაინთ თქვენ და იქით ანდრონიკოვი!2 მილიციამ, როგორც იტყვიან, ასახელა თავისი სახელი და ზღაპრული გმირობის ხმა დაიგდო მრთელს მხედრობაში; თვარემ შენ თვითონ შეიტყობ დაწვლილებით.- მითამ როდის და რაში არა ვყოფილვართ კარგნი, მაგრამ !

მჯერა არღუთინსკისა,3 საგინოვისა4 და გურამოვისა,5 რადგანაც შენ აქებ, მაგრამ მინდა ერთი ჩაგიხველოთ. შენი დიპლომატობა ხომ ადრევე ვიცოდით. ხუმრობა არ არის, რომ ქართველმა კაცმა გურულებს შეაგონოს ყოველივე , რომელიც შეუდგების აღშფოთებას, შაბაშ, მკლავთა და განკარგულებათა თქვენთა!

ძმაო გრიგოლ, ტფილისის ამბავი მაგთენი არაფერია. ცოტას ხანს დაჰყვეს აქ ადლერბერღის6 შვილებმა და, რაღა განგიმარტო, შენ მიჰხვდები, რაც ადლერბერღის შვილები აქ იქნებოდნენ. პოლკის კამანდერი გამოგიცვალეს*, მაგრამ ეს განკარგულება მოხდა უწინარეს, ვიდრე გამოიძიებდნენ ჩილაევის7 სიმართლეს, რომელიც ვჰგონებ არ დადუმდეს.- ყაფლანს8 ვაჟი ჰყავს, დიდს ნათლობას აპირებს ხანურად, თუმცა ხანებმა ნათლობა არ იციან.- ჩვენს პლატონს9 ძილში კატა დასწოლოდა ბაკენბარდზედ და ასე გაეთელა, რომ ვეღარას გზით ვერ გაუსწორებია. ეს ერთი ბაკენბარდი ასე გათელილი დარჩა. ვურჩევთ, რომ მოიპარსოს, მაგრამ არ გვიჯერებს. ეს აკლდა ამის ფილოსოფოსურს სახეს! სხვა ტფილისი ისევ ის ქალაქია, უსარგებლო გონების და გულისათვის. ერთი ნუგეში ეს არის, რომ მშვენიერი დარებია

ლიტერატურა ჩვენი ღვთით დღე და დღე შოულობს ახალთა მოყვარეთა.10 მრავალნი ყმაწვილნი კაცნი, მოცლილნი სამსახურითგან, მყუდროებაში და მარტოობაში შეეწევიან მამეულს ენას, რაოდენიცა ძალ-უძთ. ესე საზოგადო სული ბუნებითის ენის ტრფიალებისა ყმაწვილთ კაცთ შორის აღმოაჩენს, რომ ქართველთ არა სძინავთ გონებით!

ამ მცირეს ხანში ერთი ლექსი დავწერე, რომელსაც ამასთანავე გიგზავნი. შენი ჰაზრი ჩემთვის მარადის სასიამოვნოა


[ მოყვანილია მთლიანად ლექსი ,,ვპოვე ტაძარი“] 

გიორგი11 მომიკითხე, ვასილ12და სხვანი ჩვენნი ნაცნობნი.- მამა ეგნატიმ13 შემოგითვალა: ,,ქრისტემ გა-კურ-თხოს“! ჩვენიანებმა ყველამ მოგიკითხეს. მშვიდობით. ძალიან მინდა შენი ნახვა

შენი . ბარათაშვილი 


წელსა1841

ოქტომბრის 18-სა

. ტფილისით



მაიკო ორბელიანისადმი
 საყვარელო დაო მაიკო1,მადლობელი ვარ, რომ რახაელს2 წიგნი დაჰსტყუე, გუშინ იასემ3 მომიტანა. ამიტომ უფრო მიამა, რომ წინა დღეს ამ წიგნზედ ლაპარაკი იყო და მეორეს დღეს უნდა მიმეტანა მანანასათვის.4 ასე ეგონა , რომ მე მაქვს. მაშ, რადგანაც ეს პირობა აღასრულე, იმედი მაქვს ახლა,რომ მეორეც არ დაგავიწყდება.

გოლოვინის ცოლი5 წავიდა და დარჩჩნენ ჩვენი ქალები მოწყენილნი. ხანდისხან ოხვრით მოიგონებენ იმის სახლში განტარებულს დროებს, თუმცა ოხვრის მიზეზი ყველასი ერთი არ არის. მხოლოდ გუშინსწინ იყო ვეჩერი შინაური, მაგრამ ძალიან მხიარული. ტასოს6 დღეობა იყო და ელენეს სახლში გარდაიხადეს. მე, სწორე გითხრა, მეტად გავმხიარულდი, სრულიად უმიზეზოდ, უანგარიშოდ, ისე, მეც არ მოველოდი. ბევრჯერ მოგიგონე, დიდად მინდოდი, რომ იმ დროს აქ ყოფილიყავ

მაგრამ სულ ამაოა ჩემთვის. ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმმარი. კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმისი სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდიხანია ობოლი ვარ. არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე მაიკო სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა,იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმეყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი? ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია. ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული. მოიგონე ცოტასხანს დრონი წარსულნი და მაშინ შემიბრალებ. ყმაწვილობითვე შეჩვეული რაზედმე სული ძნელადღა გარდაიცვლის ჩვეულებას და, ვიდრემდის სრულიად გარდაეჩვევა, მწარეა ტანჯვა და ბრძოლა მისი

 
,,ძნელი არის მარტოობა სულისა:

მას ელტვიან სიამენი სოფლისა

მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,

ოხვრა არის შვება უბედურისა!“
  

შენი ავადმყოფობა შევიტყვე, რა დაგემართა? თუ ფიქრობ, ასეთს რას იფიქრებ, რომ ბოლო არა ჰქონდეს, ასეთსრას მიიღებ, რო არ დაკარგო? მიცჩვენე კაცი, რომ მადრიელი იყოს ამ წუთის სოფლისა. დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა! აი ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან. სხვათა ბედნიერებეთა სოფლისათა უყურე გულგრილად, ამაყად და გრწამდეს, რომ იგინი შეურჩენელნი არიან! თუმცა აქიმბაში არა ვარ, მაგრამ ეს წამალი სიზმარშიც მაქვს ნასწავლი და, თუ დამიჯერებ, იმედი მაქვს, რომ გარგოს. გემდუდურები, რომ წიგნს არა მწერ; ხომ იცი, მეამება, თუ მეტადრე ბევრ ამბებსაც მამწერ. თუ ნინუცას* ანუ (რადგანაც ჯავრობენ ზოგიერთი ქალები) ანნა ივანოვნას8 წიგნი მისწერო ან შენ თითონ ნახო, ჩემ მაგიერ მოიკითხე და უთხარ: დიდად ვწუხვარ,რომ აღარ გაციებს-თქო. ილიას მალე ვნახავთ

შენი მარად ერთგული ძმა    


P.S.შენ გაზრდას, მაიკო, თუ გლუხარიჩი9 ნახო, ჩემ მაგიერ მოიკითხე და უთხარ: რა ღმერთი გაგიწყრა, რომ აგრე ფეხი აიკვეთე ქალაქისაკენ_თქო? როგორ აღარა აგონდება რა სასიამოვნო შენს პოეტურს სულსა-თქო



ზაქარია ორბელიანისადმი 
უსაყვარლესო ძმაო ზაქარიავ! მომილოცავს პოლკოვნიკობა! შენი წიგნი რომ მომივიდა, იმის მეორეს დღეს ,,ინვალიდებში“ წერა. მე ახლა ჩქარად ღენარლობის იმედიცა მაქვს. მაგრამ ამისათვის უთუოდ უნდა დაღესტანში იმსახურო, თუნდ მაგ ადგილშიაც არა... და მერმე იცი, რა ვიფიქრე შენთვის? _კასპიის ობლასტის ნაჩალნიკობა! ვინ იცის,მე კი კარგადა მაქვს დაცდილი წინასწარ-თქმა!“ Это будет гораздо существеннее. 

კატოს2 ერთი თვეც არის ჯვარი დავწერეთ.- კარგი ქორწილი გარდვიხადეთ. მეორეს დღესვე წაიყვანეს კატო. ერთი ღამე და მეორე დღეს სადილად ქაიხოსრო მუხრანსკისას3 ვიყავათ. კარგად დაგვიხვდა. იქიდან ახალგორს4 წავედით. ოძისს რომ მივახლოვდით, სადაც ბიძინა ერისთავი6 დგას, ლევან ერისთავი თავადებით, აზნაურებით , და იმერეთის მგალობლებით მოგვეგება. ჩვენთან იყვნენ მანანა თავის ქალით , მაიკო8, ყაფლან, მიხაკო,ალექსანდრე სუმბათოვი_მეჯვარე. რა დაბინდდა, შევედით ახალგორს. სასხლე ჭრაკებით იყო გაჩახჩახებული, მეიდანი _მაშხალებით. ამ დროს ახალი არქიერი წულუკიძე, კატოს დედამთილის ძმა, აქ იყო და მგალობლები იმისნი იყვნენ . დეკანოზი შემოსული და ჯვარით მოგვეგება გალავნის კარებში. დაჰკრეს ზურნას, სათარას სიმღერა (თანა გვყვანდა), თოფის სროლა და ხალხის ჭდევა და ყვირილი საუცხოვო სანახავს წარმოადგენდა. ამასტან მტვარიანი ღამე და მშვენიერი მდებარეობა!_სასახლეში რომ შევედით, და ყოპლანმა ქუდი მოიხადა და შეხედა ზალას, ერთი გულით წამოიძახა: фу..._это дворец? ბევრი გვიცნია.

რასაკვირველია,მეორეს დღეს, პატარძლის ჩვეულებისამებრ, კატო ქვეშაგებში იწვა, მესამე დღეს ადგა. მზითევი გაშინჯეს, მაგრამ, ზაქარიავ, მრთელს ქართლში გაითქვა, თვარემ მანანა გეტყვის როცა ნახავ. მეოთხე დღეს ნიშნები მოართვეს დედამთილმა, მაზლებმა,მულებმა და რძალმა,კარგი ნიშნებიც იყო. არქიერი ეზოში იდგა, კარავში ჭანდრების ქვეშ. იმ დღეს ამობრძანდა კატოს სანახავად, დალოცა და ერთი ოქროთ მოჭედილი ღვთის-მშობლის ხატი აჩუქა. ხუთი დღე და ღამე სულ შექცცევაში ვიყავით. მამუკაც აქ იყო და ძალიანაც გამხიარულდა. მერმე მე და მამუკა გორს გადავედით, იქ დაგვხვდნენ ელენე, მანანა ,რომელიც ორის დღის წინათ ჩვენზედ წავიდა, მელანია და ბევრნი სხვანი. ნათლობა ჰქონდათ ელიზბარის სახლებში, ესტატე ერისთავის შვილისა. იქიდგან ატენში გადავედით. კნიაზი ძალიან კარგად დაგვხვდა; სულ შუშურები გვასვა. ერთი ლექსით, კარგად გავატარეთ დროება, მრთელი ორი კვირა.

მე და მამა ალევობას, რომ ამ თთვის თხუთმეტს იყო, ვეწვივნენით კატოს. მანანა და ელენეც გარდმოვიდენ სალოცავად. საუცხოო ჯვარობა იყო. ახალგორიდგან თორმეტი ვერსტია, მაღალს მთაზედ. ქალები ცხენებით, საწვიმრებით, ქოლგებით, დიდის ამალით, ოსურის სიმღერით ავედით სალოცავად. ის ღამე და მეორე დღეც იყო მშვენიერი. ძალიან მხიარულება იყო. ცოტა წამოსვლის დროს მანანა ავად გახდა დაიმან ცოტად დაგვიშალა მხიარულება. ზაქარიავ, სწორევს გულით გეტყვი, რომ კატი თავის მოსაწონს, ეხლანდელს დროში სანატრელს ოჯახშია. ძმების უმაგალითო თანხმობა, სიმდიდრე სახლისა და უვალობა! ამასთან რევაზ22 ზედ აკვდება; ლევანისა ხომ სულია კატო და დავითი ხომ იმის ნებივრობაშია! მე ეს მიამა, რომ მტერი ვერ გაიხარებს. თუ ღმერთი გვაღირსებს ერთად შეყრას, შენ, გრიგოლ, ილია , გიორგი, მამუკა, უნდა ვეწვივნეთ ამ შემოდგომაზედ, რომ ლაზათი გავწიოთ. მართალია, სანადირო არ არის ყოვლის გვარისა.

ბევრი ვიცინეთ გრიგოლის წიგნზედ. მანანას წავუკითხე. ილიას წიგნი მოვიდა. ჩერვლონში არიან სულ ყველანი და ამ თთვის გასვლამდინ, მგონია, მოვიდნენ. მთავარ-მმართებელსაც ამ სამ დღეზედ მოელიან! ლუა[რ]საბი ცოლი ანნა ძალიან ავად არის, საწყალი! სხვა ამბავი აქ ახალი და საშენო არა არის რა.

მშვიდობი. ღმერთსა ვთხოვ შენს კვალად და კვალად ბედნიერებას.

შენი მარადის ერთგული თ. ნ . ბარათაშვილი

P.S. ზაქარიავ! ამ შენ გამოგზავნილს თოფსა თავის შესაფერი ერთი წყვილი დამბაჩაც უნდა, თვარემ ობოლსავით დარჩენილია და ამისთვის კაბინეტში ვერ გამიმართავს.

დამავიწყდა: ივან კარლიჩი29 გარდაიცვალა. სალომე კარგი ქვრივი დარჩა. სულ ყოველი თავის საცხოვრებელი ამას უანდერძა законным актом. თუ გიორგი ნახო, ჩემ მაგივრად დიდი მოკითხვა.

[მესამე გვერდზე ჩამატებულია]:

იაკინტემ ამ წიგნის წერაში, ასე მითხრა: ჩემ მაგიერ მოკითხვა მისწერეო და ასე შეუთვალე, რომ ცალკე წიგნისათვის არა მცალიან, ბევრი საქმეები მაქვსო. აქ არის სასამართლოში სოვეტნიკის თანამდებობაში დროებით დანიშნული.

(პირველ გვერდზე ჩამატებულია):

მეც მომილოცავს პოლკოვნიკობა. შენი ელის [შემდეგ გაურკვეველია].





ლიტერატურა:

პირადი წერილები ნიკოლოზ ბარათაშვილი (არტანუჯი)

http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=10738

 

 

No comments:

Post a Comment